ამბავი კონაზე

კუთხე-კუთხე დავიარეთ მთა და ბარი; ყვავილები შევაგროვეთ კონა-კონა.
ბალახების ერთობაში ძალა არის; შენს კონაში ცხრავე მხარე შეიკონა.

ყველამ ვიცით იგავი კონაზე, მოხუცებულმა მეფემ რომ სიკვდილის წინ დაუძახა თავის 12 ვაჟს, მოატანინა 12 შვილდ-ისარი, შეკრა ერთად და მოსწია დასამტვრევად. ვერ გატეხა. მერე კონა გახსნა, თითო-თითოდ მოსწია ისრები და ადვილად დაამტვრია. მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: „თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გძლევთ, როგორც მე ვერ დავძლიე ისრების ერთად შეკრული კონა, მაგრამ თუ გაიყრებით და დაცალცალკევდებით, მაშინ მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე ცალ-ცალკე ისრები დავამსხვრიეო“.

კონას თორმეტივე ჩაი არის ერთობა ჩვენს მიერ მოყვანილი, ველურად შეგროვებული და შორიდან ჩამოსული ბალახ-ბულახის. კონა ხომ, ძველი რწმენის მიხედვით, ფლობს საკვირველმოქმედ ძალას. ძალა, სწორედ, ბალახების ერთობაშია.

კონას დაბადების ადგილი სოფელი ლავრისხევია, ფიჭვნარის პირას. ეს ადგილი ქვათახევის მონასტერს, დიდგორის ველს და საკურთხისს შორისაა. ლავრის ტყეში X საუკუნის ეკლესიაა. გადმოცემით, წყარო, მთიდან რომ გადმოდის ეკლესიის შესასვლელში, მაკურნებელია. ქართლის მეფეები დადიოდნენ, ამბობენ, აქ, ამ წყლის დასალევად. ამბობენ კიდევ, რომ დიდგორზე დაჭრილი ჯვაროსნები აქ ჭრილობებს იშუშებდნენ. დღეს ეს ადგილი უღრან ტყეშია ჩაფლული. და სიჩუმეში.

კონას კრედოა Pauca sed bona - ცოტა, მაგრამ საუცხოო  -  რადგან რაც ძალიან კარგია, ვერ იქნება ბევრი.

კონა არის ფასეულობაზე დაფუძნებული და მათთვის, ვინც ამ ფასეულობებს იზიარებს. გემრიელი - მათთვის, ვინც ჰედონისტია და უყვარს სიამოვნება, სასარგებლო, მათთვის, ვინც მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს,  ხარისხიანი - მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს.

კონა არის ყველასთვის -  ყველას გვინდა სიყვარული, ფორმაში ჩადგომა, გათბობა, გაგრილება, ტკბილი ძილი, მარადიული სილამაზე. და ასე შეიქმნა კონას კომპოზიციები: ალი და ნინო - სიყვარულის კონა, ზენა - დეტოქსი, აღმოსავლური ზღაპარი - სითბოს კონა, ცია - სიგრილის კონა, ნაინა - ტკბილი ძილის კონა, მარადიული გაზაფხული - სილამაზის კონა.

ასე გაჩნდა კონა. კონა არის სურნელის, გემოს,  ვიზუალის, ხარისხის და ამბავის კომბინაცია.

კონას აქვს თორმეტი ფერი. თორმეტი ამბავი, რომელიც გვინდა გიამბოთ. მათი ინგრედიენტები თითქმის არ მეორდება. თითოეულ ინგრედიენტს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს. თქვენთვის ვარჩევთ საუკეთესოს - სუფთა, დაუბინძურებელი გარემოდან და ხარისხიანს.

ჩვენს გამაში არის 4 კოლექცია: Wellness collection,  Herbal Zen collection, Epicurean Collection - სადაც შედის 9 სახეობის ბალახეული ნაკრები და Guria Grand Cru Collection - შავი, მწვანე და მოცვის ფოთლის ჩაი.